მიმდინარე სახელმწიფო ვალი (ლარი)

სახელმწიფო ვალი ერთ სულ მოსახლეზე (ლარი)

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო საწარმოები და მათი როლი დარგის განვითარებაში

სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარება კვლავ საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთ გამოწვევად რჩება. დარგს, რომელშიც ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით საქართველოს მოსახლეობის 50 %-ია დასაქმებული, მთლიან შიდა პროდუქტში (მშპ) მხოლოდ 9-10 % წილი შეაქვს, ხოლო სოფლის მეურნეობის გადამამუშავებელ საწარმოთა წილი მთლიან მშპ-ში დაახლოებით 4% შეადგენს.[1] სწორედ ამიტომ საქართველოს როგორც წინა, ისე ამჟამინდელი ხელისუფლება ცდილობდა და ცდილობს სხვადასხვა პროექტებით დარგის გამოცოცხლებას, თუმცა ჯერ-ჯერობით უშედეგოდ – დახარჯული მილიონების მიღმა მხოლოდ სოფლად მცხოვრები მოსახლეობის სიღარიბე ჩანს. კვლავ პასუხგაუცემელია ბევრი კითხვა, მაგალითად: მოქმედებდა და მოქმედებს თუ არა სახელმწიფო დარგის მდგრადი განვითარების კონკრეტული სამოქმედო გეგმის მიხედვით? ისახავს თუ არა მიზნად სახელმწიფოს გადაწყვეტილებები დარგის რეალურ და სისტემურ განვითარებას? თუ პოლიტიკოსთა გადაწყვეტილებები მხოლოდ მოკლევადიანი წინასაარჩევნო  მიზნებითაა მოტივირებული?

2004 წელს ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში მოსვლის დასაწყის ეტაპზე მთავრობამ სოფლის მეურნებასთან მიმართებაში ლიბერალური მიდგომა აირჩია და ამ სექტორის განვითარება კერძო სექტორს მიანდო. მან უარი თქვა სუბსიდირებაზე, პროტექციონისტულ პოლიტიკაზე და მოხდა მაქსიმალური დერეგულირება.[2] თუმცა მოგვიანებით მიდგომა შეიცვალა და 2008 წლის 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების წინ სახელმწიფოს მხრიდან პირველი აქტიური ჩარევა სოფლის მეურნეობის სფეროში განხორციელდა სოფლის მეურენობის მექანიზაციის პროგრამის სახით, რომლის ფარგლებში 349 ტრაქტორი გადაეცა 15 წლიანი განვადებით იმ ამხანაგობებს, იურიდიულ თუ ფიზიკურ პირებს, რომლებმაც გაიმარჯვეს სოფლის   მეურნეობის სამთავრობო პროგრამაში.[3]   პროგრამა მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდში აღმოჩნდა წარმატებული. ფერმერებმა ხშირ შემთხვევაში იაფი კრედიტის ფარგლებში აღებული სესხების  და ტრაქტორების  თანხის დაბრუნება  ვერ მოახერხეს, რის გამოც მთავრობამ მოგვიანებით ისინი ბალანსიდან ჩამოწერა.

2010 წლიდან სახელმწიფო პოლიტიკა სოფლის მეურნებასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ შეიცვალა.[4] ცვლილების ერთ-ერთი გაცხადებული ეკონომიკური მოტივაცია ისიც იყო, რომ  მსოფლიოში სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე ფასები გაიზარდა და ამან საქართველოში, როგორც იმპორტზე დამოკიდებული ქვეყანაში, ინფლაციის იმპორტი გამოიწვია. მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება გაეძლიერებინა საკუთარი როლი დარგის განვითარებაში და ამისთვის სხვადასხვა მეთოდი აირჩია. მაგალითისთვის, ერთ-ერთი ასეთი გზა ჰიბრიდული სიმინდის თესლის იმპორტი და მისი მოსახლეობაში მასობრივი გავრცელება გახდა.  მთავრობამ ხელი მიჰყო ჰიბრიდული სიმინდის მასობრივ პროპაგანდას მოსახლეობაში, რომელიც მართალია ბევრისთვის სიახლე არ იყო, თუმცა წვრილ ფერმერულ მეურნეობებში ის იშვიათად გამოიყენებოდა. სახელმწიფომ  უზრუნველყო როგორც სათესლე მასალის იმპორტი, ისე მისი მოსახლეობისთვის განვადებით მიწოდება, რაშიც კომერციული ბანკებიც ჩაერთნენ. პროექტი არ აღმოჩნდა წარმატებული, რის მიზეზადაც ბევრი არასწორ დაგეგმვმას, ზოგი კი კორუფციულ გარიგებებსაც ასახელებს. ფაქტია, რომ ინფორმაციის სიმწირასა თუ სათესლე მასალის უხარისხობის გამო, იზარალა არამხოლოდ ათასობით ფერმერმა, არამედ სახელმწიფო ბიუჯეტმაც.[5]

სიმინდის პროგრამა არ აღმოჩნდა იმჟამინდელი მთავრობის ერთადერთი პროექტი, რომელიც სოფლის მეურნეობაში სახელმწიფოს ინტენსიურ ჩარევას ითვალისწინებდა. 2010 წლიდან სახელმწიფომ თავად დაიწყო ამ ბაზარზე ბიზნეს-აქტივობების წარმოება. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ბევრი პროცესი სოფლის მეურნეობის სამინისტროსგან დამოუკიდებლად მიმდინარეობდა, რაც აშკარად ავლენს მაშინდელ მთავრობაში კოორდინაციისა და პარალელური უწყებების პრობლემებს.

2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში მთავრობის ცვლილების  შედეგად სოფლის მეურნეობა პრიორიტეტულ დარგად დარჩა, თუმცა წინა ხელისუფლებისგან გასხვავებით, შეიცვალა მიდგომები სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის მექანიზმებთან დაკავშირებით. მართალია, სახელმწიფო თავად აღარ ქმნის საწარმოებს სოფლის მეურნეობაში და მისი როლი დარგის ირიბი სტიმულირებით განისაზღვრება („მცირე მიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროგრამა“, „გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების პროექტი“ და სხვა)[6], თუმცა ის კვლავ განაგრძობს მემკვიდრეობით მიღებული კომპანიების მართვას, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა წაგებაზე მუშაობს.

დღესდღეობით სოფლის მეურნეობის პროფილის 71 სახელმწიფო საწარმოა რეგისტრირებული. ამ საწარმოებს ფლობს და ზედამხედველობას უწევს 3 უწყება: ა(ა)იპ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო – 11 საწარმო; სოფლის მეურნეობის სამინისტრო – 1 საწარმო; ეკონომიკის სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო“ – 59 საწარმო.

საინტერესოა, ვნახოთ, თუ ჯამში 71 საწაროდან რამდენია რეალურად მოქმედი დღეს არსებული მდგომარეობით:

 

ბუნებრივია, კვლევის ფარგლებში საინტერესოა მოქმედი საწარმოები, რომელთა ჯამური რაოდენობა 15 შეადგენს. საინტერესოა მოვახდინოთ ამ მოქმედი საწარმოების დაჯგუფება მათი საქმიანობის ფორმატის მიხედვით:

 

მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო კომპანიების რიცხვი სოფლის მეურნეობაში საკმაოდ დიდია, განსაკუთრებულ ყურადღებას ის საწარმოები იმსახურებს, რომლებსაც მუშაობა არასახარბიელო ფინანსური მაჩვენებლების მიუხედავად დღემდე არ შეუწყვეტია და კვლავაც განაგრძობს სახელმწიფო რესურსების გამოყენებას. ყველა ასეთი საწარმო, გარდა ერთისა (შპს „საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანია“),  სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს ბალანსზეა და მათ ზედამხედველობასაც ეს უკანასკნელი უწევს. თავის მხრივ, სააგენტოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სტატუსი აქვს და მის გამგეობაში მაღალი თანამდებობის პირები შედიან. კერძოდ, გამგეობის თავმჯდომარე საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილია, ხოლო წევრები ეკონომიკური პროფილის მინისტრები და მათი მოადგილეები არიან.

2014 წლის 13 იანვარს სოფლის მეურნეობის სამინისტროსგან მიღებული ინფორმაციის თანახმად, ა(ა)იპ „სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს“ მმართველობაში სულ 11 კომპანია შედის:

#

დასახელება

საიდენტ. კოდი

საქმიანობის სფერო

სააგენტოს წილობრივი მონაწილეობა

1

შპს გრუზვინპრომი

231289290

ღვინომასალის, ღვინის, საბრენდე სპირტისა და ყურძნის კონცენტრატის წარმოება

100%

2

სს აკურა

231165583

ღვინომასალის, ღვინისა და საბრენდე სპირტის წარმოება

99.14%

3

შპს მექანიზატორი

206348736

აგროსამუშაოები (ხვნა, თესვა და ა.შ.)

100%

4

შპს გორის სასათბურე მეურნეობა

406068589

სასათბურე მეურნეობა

100%

5

შპს საქართველოს სათბურების კომპანია

404908007

სასათბურე და საჩითილე მეურნეობები

100%

6

 შპს მარცვლეულის ლოგისტიკის კომპანია

404904458

მარცვლეული კულტურების ჯიშთა გამოცდა და სიმინდის თესლითა და სასუქით ვაჭრობა

100%

7

შპს მარცვლეულის შესანახი ცენტრები

404948321

სიმინდის გაშრობა-შენახვის მომსახურება

შპს მარცვლეულის ლოგისტიკის კომპანიის შვილობილი

8

შპს მიწის რეაბილიტაციის სააგენტო

404406013

გაველურებული ნარგავებით დაფარული მიწის ნაკვეთების რეაბილიტაცია

100%

9

შპს საკვების წარმოების კომპანია

404928174

გაყინული ბოსტნეულისა და ხილის წარმოება

58.75%

10

 სს სოფლის მეურნეობის კორპორაცია

404858285

100%

11

შპს ქართული ბოსტნეული

404928469

ბოსტნეულისა და ხილის სადემონსტრაციო ნაკვეთები

სს სოფლის მეურნეობის კორპორაციის შვილობილი

 

მიუხედავად იმისა, რომ ყველა მათგანის ოფიციალური სტატუსია „მოქმედი“, მათი დატვირთვის ხარისხი და მუშაობის კონცეფცია ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან. განვიხილოთ თითოეული მათგანი:

ჩატარებული ინტევიუების შედეგად ირკვევა, რომ შპს „გრუზვინპრომისა“ (1) და შპს „აკურას“ (2) საქმიანობა თითქმის იდენტურია. ორივე კომპანია ფლბს ღვინის საწარმოებს კახეთის რეგიონში და ყურძნის მოსავლის დიდ ნაწილს იბარებს. 2012 წელს ამ 2 კომპანიის მიერ ჩაბარებულმა ყურძნის რაოდენობამ მიღებული მოსავლის 65% შეადგინა, თუმცა ეს მაჩვენებლი 2013 წელს 17%-მდე შემცირდა[7], რაც, სავარაუდოდ, რუსეთის მიერ ქართული ღვინისთვის ბაზრის გახსნითა და კერძო საწარმოების მხრიდან ყურძენზე მოთხოვნის გაზრდით იყო გამოწვეული. აღსანიშნავია ისიც, რომ რთველის სუბსიდირებისათვის სოფლის მეურნეობის სამინისტროს 25 მლნ ლარი ჰქონდა გამოყოფილი.

პირველადი ანალიზის საფუძველზე იქმნება შთაბეჭდილება, რომ აღნიშნული ღვინის საწარმოები მთავრობას „ჭარბი“ ყურძნის მოსავლის რეალიზაციისთვის სჭირდებოდა და ამ ბერკეტზე არც ამჟამინდელი ხელისუფლება ამბობს უარს. ფაქტობრივად, რთველის სუბსიდირება ორი გზით ხდება: პირდაპირი – რაც ვაუჩერის სახით ფულად დახმარებას გულისხმობს და არაპირდაპირი – სახელმწიფოს მიერ ყურძნის მიღება და შემდგომ მისი გადამუშავებული (ძირითადად სპირტის)  სახით, ხშირად თვითღირებულებაზე დაბალ ფასად, აუქციონის გზით რეალიზება. გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ ორივე მეთოდის გამოყენებით სახელმწიფო პირდაპირ ახდენს ყურძნის ბაზარზე ფასწარმოქმნის პროცესზე გავლენას და ფაქტოვბრივად, აწესებს ხელოვნურ ფასს, რომელიც საბაზრო ეკონომიკის პირობებში, დიდი ალბათობით, იგივე არ იქნებოდა.

სუბსიდიით არ სარგებლობს, თუმცა ე.წ. „სოციალური ფასების პოლიტიკას“ მიჰყვება შპს „მექანიზატორი“ (3), რომლის ამოცანა ფერმერთა სასოფლოს-სამეურნეო ტექნიკით მომსახურებაა. კომპანია 2010 წელს დაარსდა და დღეისათვის, შეიძლება ითქვას, რომ ის ყველაზე მსხვილი სოფლის მეურნების პროფილის სახელმწიფო საწარმოა აქტივების რაოდენობის მიხედვით. საწარმოს დაფუძნების იმდროინდელი მოტივაცია იყო ბაზარზე არსებული ვაკუუმის შევსება, რაც უკავშირდებოდა საჭირო სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის დეფიციტს. იქიდან გამომდინარე, რომ კერძო სექტორი ვერ უზრუნველყოფდა საჭირო რაოდენობის და ხარსიხიანი ტექნიკის მობილიზებას, შპს “მექანიზატორისთვის” მოხდა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის – ტრაქტორების, კომბაინების და შესაბამისი იმპლემენტების – შესყიდვა. ირკვევა,  რომ კომპანიის დაარსების საწყის ეტაპზევე ჩაფიქრებული იყი მისი გაძლიერება და შემდგომი გასხვისება.

დღესდღეობით, შპს „მექანიზატორს“ საქართველოს რეგიონების მასშტაბით გააჩნია 12 სერვის ცენტრი, სადაც თავმოყრილია 1069 ერთეული ტრაქტორი, 81 ერთეული კომბაინი და დაახლოებით 5000 ერთეული იმპლემენტი. სხვადასხვა ტენდერების ფარგლებში საწარმოსთვის შეძენილი დაგროვილი აქტივების რაოდენობამ 300 მილიონი ლარი შეადგინა. ბოლო ტენდერი 2013 წელს განხორციელდა, რომლის ფარგლებშიც მაქანიზატორმა 25 მილიონი ევროს ღირებულების 290 ერთეული ტრაქტორი, 1700 ერთეული მონობოკი და 1500 მდე ერთეული იმპლემენტი შეიძინა[8]. საწაროს მუდმივ შტატში ჰყავს 400 თანამშრომელი.

შპს “მექანიზატორის” საქმიანობა 2 მიმართულებით შეგვიძლია დავყოთ: 1. სახელმწიფო პროგრამების მომსახურება და 2. კერძო შეკვეთების მომსახურება. “საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ 2013 წელს შესრულებული სამუშაოს ანგარიშის” მიხევით სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მხოლოდ ბარათებით საწარმოს მიერ დაიხნა 80,661 ჰა, ხოლო დაიდისკა 96,131 ჰა მიწა. სახელმწიფო პროგრამის გარდა 2013 წელს კომპანიამ დაამუშავა 70,927 ჰა მიწის ფართი კერძო შეკვეთებიდან. წინა წლებთან შედარებით 2013 წელს კერძო შეკვეთების ნაწილში დაფიქსირდა 30%-ნი მატება. ბუნებრივია, სახელმწიფო პროგრამების რაოდენობა გავლენას ახდენს კერძო შეკვეთების რაოდენობის ზრდაზე ან შემცირებაზე. თუმცა ბოლო წლებში გაზრდილი სახელმწიფო პროგრამების გამო აქტიურ სეზონზე “მექანიზატორს” არ ყოფნის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის მარაგები შეკვეთების დროული მომსახურებისთვის. ამ მიმართულებით პრობლემას წარმოდგენს ისიც, რომ თავის დროზე მოხდა სერვის ცენტრების არასწორი დაგეგმარება. საქმე იმაშია, რომ შეირჩა 12 ლოკაცია, სადაც სერვის-ცენტრები გამოსაჩენ ადგილას, ცენტრალურ გზებთან ახლოს და თითქმის თანაბარი სიმძლავრეებით დაპროექტდა და აშენდა. რაც იწვევს, ერთის მხრივ, ტექნიკის ნაკვეთებამდე მისასვლელი დიდი დისტანციების გამო გაზრდილ დანახარჯებს და მეორეს მხრივ, ტექნიკის დეფიციტს იმ რეგიონებში, სადაც მაღალია სასოფლო-სამეურნეო აქტივობა. მაშინ, როდესაც იგივე სიმძლავრეებზე გათვლილი სერვის ცენტრების აუცილებლობა და შესაბამისად გაწეული მაღალი დანახარჯები მცირე აქტივობიდან გამომდინარე არ იყო საჭირო რიგ რეგიონებში, მაგალითად, რაჭაში.

შექმნის სხვადასხვა ისტორია აქვთ შპს „გორის სასათბურე მეურნეობასა“ (4) და შპს „საქართველოს სათბურების კომპანიას“ (5), თუმცა პროფილი თითქმის ერთი და იგივე – ბოსტნეულისა და ჩითილების წარმოება. განსაკუთრებით საინტერესოა  შპს „გორის სასათბურე მეურნეობის“ წარსული, რომელიც 2012 წლის 26 აპრილს დარეგისტრირდა, სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის, კახა ლეგაშვილის ბრძანების საფუძველზე. შპს-ს 100% წილის მფლობელად განისაზღვრა შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი. 2012 წლის 25 ივლისიდან შპს „გორის სასათბურე მეურნეობის“ 100% წილი 3.300.000 ლარად შეისყიდა ა(ა)იპ სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდმა.[9] 2011 წელს, „საქართველოს სოფლის მეურნეობის კორპორაციის“ მიერ შეიქმნა შპს „საქართველოს სათბურების კომპანია“, რომლის მთავარი ამოცანა სათბურების მოწყობა და ბოსტნეულის იმპორტის ადგილობრივი პროდუქციით ჩანაცვლება იყო. კომპანიამ 0.85 ჰა-ზე მოაწყო სათბური, რომელშიც, ძირითადად, ახლოს მცხოვრები დევნილები დასაქმდნენ. აღსანიშნავია, რომ მიუხედავად კარგი დასაწყისისა, არცერთი კომპანია არ გამოირჩევა კარგი ფინანსური მაჩვენებლებით. ორივე მათგანი დამოკიდებულია სახელმწიფო სახსრებზე, რომელიც ხშირად სხვადასხვა მიზეზით იგვიანებს. ეს კი წარმოების პროცესს მნიშვნელოვნად უშლის ხელს. მიუხედავად ამისა, ყველაზე მთავარი პრობლემა, რომელიც ორივე კომპანიას გააჩნია, მათი სათბურების არახელსაყრელი მდებარეობაა. მკაცრი კლიმატი, მზის სხივების არასკმარისი რაოდენობა, წყლის ხარისხი და სხვა ფაქტორები, სავარაუდოდ, არ იქნა გათვალისწინებული მათი დაგეგმვის პროცესში, რაც სავალალო აღმოჩნდა სათბურების რენტაბელურობისთვის. ეს გარემოება ბადებს ეჭვს, რომ მათი ლოკაციის ადგილის შერჩევა არა საფუძვლიან კვლევას, არამედ გარკვეულ პოლიტიკურ მიზნებს ეფუძნებოდა. კერძოდ, წეროვანის სათბურის მდებარეობა, დიდი ალბათობით, შეირჩა დევნილთა დასაქმების მიზნით, ხოლო გორის სათბური ავტობანთან სიახლოვის მიხედვით, რაც ადვილად ხილვადს გახდიდა მას თბილისისკენ მიმავალი მგზავრებისთვის.

2011 წელს, „საქართველოს სოფლის მეურნეობის კორპორაციის“ მიერ შეიქმნა შპს „მარცველულის ლოგისტიკის კომპანია“ (6), რომლის საქმიანობის საგნად განისაზღვრა მარცვლეულის პროდუქტების წარმოება, გადამუშავება, ვაჭრობა და მასთან დაკავშირებული საქმიანობა. კომპანიამ მარცვლეულის შესანახი ცენტრები ააშენა ლაგოდეხისა და აბაშის მუნიციპალიტეტებში, სადაც მოსახლეობას სიმინდის მოსავალი უნდა დაებინავებინა. მოგვიანებით, 2012 წლის ივლისში, ამ კომპანიამ დააფუძნა შპს „მარცვლეულის შესანახი ცენტრები“ (7), რომლის კაპიტალშიც შეიტანა აღნიშნული ქონება. ჰიბრიდული სიმინდის პროგრამის წარმატების შემთხვევაში, ფერმერებს გაზრდილი, გამშრალი და შენახული მოსავლის რეალიზება პიკური ფასების პერიოდში უნდა მოეხდინათ, თუმცა ამ პროგრამის წარმატებაზე უკვე ზემოთ იყო საუბარი. საბოლოოდ, არცერთი შესანახი ცენტრი არ დაიტვირთა იმ მასშტაბით, რაც დასაწყისში იყო ნავარაუდევი და კომპანიებმა ზარალზე დაასრულეს როგორც 2012, ისე 2013 წელი.

2011 წელს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ დააფუძნა და 2012 წელს სოფლის მეურნეობის კორპორაციას გადასცა შპს „მიწის რეაბილიტაციის სააგენტო“ (8), რომლის ფუნქციად გაველურებული ნარგავებით დაფარული მიწის ნაკვეთების რეაბილიტაცია განისაზღვრა. კომპანია, ძირითადად, დასავლეთ საქართველოში სპეციალური ტექნიკის საშუალებით ძველი პლანტაციების გაწმენდით არის დაკავებული. ამჟამად, სააგენტოს საკუთრებაში გააჩნია 636 ჰა მიწის ფართობი, საიდანაც სრულად რეაბილიტირებულია 225 ჰა. გარდა საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთებისა, სააგენტო მიწის ნაკვეთების რეაბილიტაციისა და სხვა სახის მომსახურებებს უწევს ფიზიკურ და იურიდიულ პირებს.[10] იკვეთება გარემოება, რომ კომპანია თავის დროზე სპეციალურად გაველურებული ნარგავებისგან მიწების გასუფთავებისთვის შეიქმნა, რომელსაც სპეციალური ტექნიკა ესაჭიროება. თუმცა გაუგებარია, რატომ გახდა საჭირო ამისთვის ცალკე ეკონომიკური სუბიექტის შექმნა, როცა მისი ფუნქციები თავისუფლად შეეძლო შპს „მექანიზატორსაც“ შეეთავსებინა.

შედარებით განსხვავებული ისტორია აქვს შპს საკვების წარმოების კომპანიას (9), რომელიც 2012 წლის დასაწყისში ა(ა)იპ „სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდმა“ დააფუძნა. მისი საქმიანობის სფეროდ საკვები პროდუქტების წარმოება და ვაჭრობა განისაზღვრა. მოგვიანებით კომპანიის პარტნიორი გახდა შპს „აგრექსი“, რომელიც დღემდე (დანარჩენი წილის გამოსყიდვის უფლებით) ფლობს კომპანიის 41.25%-ს. კომპანიას ნატახტარში გააჩნია სამაცივრე მეურნეობა და სწრაფი გაყინვის დანადგარები. მისი საქმიანობა ხილისა და ბოსტნეულის მიღება, სწრაფი გაყინვა და არასეზონურ პერიოდში რეალიზებაა, თუმცა კომპანიას საქმიანობა ამჟამად შეჩერებული აქვს. ირკვევა, რომ ბაზარზე გაყინულ ბოსტნეულზე დიდი მოთხოვნის მიუხედავად, კომპანიამ ჯერ-ჯერობით ვერ აჩვენა დაგეგმილი წარმატება და ამის მიზეზი არასკმარისი ნედლეულია.  შპს “საკვების წარმოების კომპანიამ” ვერ მოახერხა ფერმერებისგან საკმარისი ხარისხისა და რაოდენობის ბოსტნეულის მიღება, შესაბამისად ვერ დატვირთა საწარმო და მძიმე ფინანსურ მდგომარეობაშიც აღმოჩნდა. აქედან გამომდინარე, კომპანიაში საკუთარი მეურნეობის გამართვისა და საკუთარ ნედლეულზე მუშაობის გეგმა განიხილება, თუმცა ეს კიდევ დამატებით ინვესტიციებს მოითხოვს.

სს „სოფლის მეურნობის კორპორაციაზე“ (10) ზემოთ უკვე იყო საუბარი. ის 2010 წელს სახელმწიფომ აგრარული პროექტების განხორციელებისთვის და მოსავლის ხარისხისა და რაოდენობის ზრდის მიზნით დააარსა. მისი სახელი შემდეგ პროექტებს უკავშირდება: ხორბლის, სიმინდის და მოცვის წარმოების ხელშეწყობის პროგრამები, მარცვლეულის გასაშრობი ცენტრები და სასუქით უზრუნველყოფის პროგრამა. ამ პროგრამების წარუმატებლობაზე ნაწილობრივ უკვე იყო საუბარი და ამას სახელმწიფო აუდიტის დასკვნაც ადასტურებს[11]. ირკვევა, რომ სს „სოფლის მეურნობის კორპორაციას“ დღემდე ჰყავს 66 დებიტორი, რომელთაც სიმინდისა და ხორბლის სათესლე მასალის პროგრამის ფარგლებში დარჩენილი აქვთ დავალიანება 893,456 ლარის ოდენობით[12], რაც კომპანიის ლიკვიდაციის პროცესს უშლი ხელს.

სს „სოფლის მეურნობის კორპორაციას“ ასევე ჰყავს შვილობილი კომპანია შპს „ქართული ბოსტნეული“ (11), რომელიც მან 2012 წელს დააფუძნა და შემდგომ კაპიტალში გადასცა ყოფილი ხილისა და ბოსტნეულის სადემონსტრაციო ნაკვეთები, სარწყავი სისტემები და სხვადასხვა ინვენტარი. აღნიშნულ ნაკვეთებზე სადემონსტრაციო სამუშაოებს მანამდე სს „სოფლის მეურნობის კორპორაცია“ ახორციელებდა. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშში საუბარია მთელ რიგ ნაკლოვანებებზე, რომლებმაც სადემონსტრაციო ნაკვეთების წარუმატებლობა და კომპანიისთვის ფინანსური დანაკარგები გამოიწვია[13]. ამჟამად, სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაგეგმილი აქვს მარცვლელი კულტურების ჯიშთა გამოცდის პროექტი, რომლის განსახორციელებლად შპს „ქართული ბოსტნეულის“ ნაკვეთებს გამოიყენებენ.

ა(ა)იპ „სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს“ მმართველობაში არ შედის, თუმცა სოფლის მეურნეობის სამინისტრო მართავს შპს „საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიას“, რომლის 100 %-იანი წილის მფლობელი სახელმწიფოა. ის ყოფილი წყალთა მეურნეობის სამინისტროს მემკვიდრეა, რომელიც დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, მელიორაციის დეპარტამენტის სახით შევიდა სოფლის მეურნეობის სამინისტროში. 2006 წელს აღნიშნული დეპარტამენტი გაუქმდა და მის ბაზაზე 4 კომპანია ჩამოყალიბდა, რომლებმაც დაინაწილეს რეგიონებში არსებული სამელიორაციო სისტემები. მოგვიანებით, 2012 წლის ბოლოს ოთხივე კომპანია გაერთიანდა და ამჟამად მის ბალანსზე იმყოფება ყველა სარწყავი და სადრენაჟე არხი ქვეყნის მასშტაბით. ფაქტობრივად, ეს არის ერთადერთი კომპანია საქართველოში, რომელიც სარწყავი წყლითა და სადრენაჟე მომსახურებით უზრუნველყოფს სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთებს. „საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიის“ მენეჯმენტი ტარიფების დაწესებაში შეზღუდულია და მას მარეგულირებელი ორგანო განსაზღვრავს. მიუხედავად მონოპოლური მდგომარეობისა, კომპანია ფინანსურად კვლავაც სახელმწიფო თანხებზეა დამოკიდებული, რაც ძირითადად, თანხის აღრიცხვისა და ამოღების სიძნელით, ასევე ფერმერთა გადახდისუუნარობითაა განპირობებული.

ფაქტობრივად, ყველა ზემოთ ჩამოთვლილი საწარმოს მაგალითი გვიჩვენებს იმას, რომ სახელმწიფოს მიერ აგრო-საწარმოების მართვა არ გამოირჩევა დიდი ეფექტიანობით. ბუნებრივია, ვერ გამოვრიცხავთ სუბიექტური ფაქტორებსაც, თუმცა ასეთი ფაქტორებისა და სხვა ფუნდამეტური პრობლემების იდენტიფიკაციისთვის, უფრო სიღრმისეული ანალიზია საჭირო, რომელსაც შედგომ კვლევაში წარმოადგენთ.


[2] „საქართველოს სოფლის მეურნეობის ტრანსფორმაცია: დამოუკიდებლობის 20 წელი” (“European Initiative – Liberal Academy Tbilisi” Interim report 2012)

[3] ინფორმაცია ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე:http://www.government.gov.ge/index.php?lang_id=wsh&sec_id=131&info_id=644 (სოფლის მეურნეობის სამინისტროს 349 ახალი ტრაქტორი გადაეცა)

[4]  „სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სექტორების შეფასება / აღმოსავლეთი პარტნიორობის ქვეყნებში – საქართველო“ (FAO – ევროპის კავშირის სამეზობლო პროგრმა, 2012)

[5] http://www.liberali.ge/ge/liberali/articles/109269/

[6] www.apma.ge

[8] საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ 2013 წელს შესრულებული სამუშაოს ანგარიში

[9] იხ. თამარ იაკობიძის სტატუა IDFI-ის ბლოგზე: 2012 წელს ერთ ლარად გასხვისებული სახელმწიფო ქონება

[10] საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ  2013 წელს შესრულებული სამუშაოს ანგარიში

[11] 2010-2011 წლების განმავლობაში გაწეული საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის ანგარიში N22/00

[12] საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ  2013 წელს შესრულებული სამუშაოს ანგარიში

[13] 2010-2011 წლების განმავლობაში გაწეული საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის ანგარიში N22/00